November 3, 2026
ნივ კემპბელი „კივილის“ მერვე ნაწილში ბრუნდება
ნივ კემპბელმა Associated Press-თან დაადასტურა, რომ საშინელებათა ჟანრის ფრენჩაიზის მერვე ნაწილში საკულტო პერსონაჟის როლს კვლავ შეასრულებს.
მსახიობმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დამუშავების პროცესში ორი შოუ აქვს, რომელთაგან ერთი უკვე გაყიდა, და ამასთანავე მზადდება „კივილი 8-იც“. სიუჟეტის დეტალების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან სიცილით უპასუხა: „„კივილი 8-ის“ შესახებ ვერასდროს ვერაფერს გეტყვით, თუმცა მე იქ ვიქნები!“
კემპბელი ფრენჩაიზის ცენტრალური ფიგურაა 1996 წლის ორიგინალური ფილმიდან მოყოლებული. მან ითამაშა უეს კრეივენის პირველ ოთხ ფილმში, რის შემდეგაც, 2022 წლის ფილმში „კივილი“, შედარებით მცირე როლით დაბრუნდა, სადაც სიუჟეტი მელისა ბარერასა და ჯენა ორტეგას მიერ განსახიერებული დები კარპენტერების გარშემო ვითარდებოდა. მსახიობმა ჰონორართან დაკავშირებული უთანხმოების გამო გამოტოვა „კივილი VI“. მეექვსე ფილმის გამოსვლის შემდეგ ბარერა ისრაელ-ჰამასის ომზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო პროექტიდან გაათავისუფლეს, ორტეგამ კი სერია ნებაყოფლობით დატოვა.
ამის შემდეგ კემპბელი Spyglass Media-სა და Paramount Pictures-ის ფილმში „კივილი 7“ დაბრუნდა, რომელიც ეკრანებზე თებერვალში გამოვიდა და რომლის ცენტრშიც სიდნი და მისი ეკრანული ქალიშვილი ტეიტუმი (იზაბელ მეი) იყვნენ. ფილმი ფრენჩაიზის ყველაზე შემოსავლიანი ნაწილი გახდა, რომელმაც 45 მილიონი დოლარის ბიუჯეტით მსოფლიო მასშტაბით 208 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ფილმის გამოსვლიდან ერთ თვეში The Hollywood Reporter-მა დაადასტურა, რომ Spyglass-ში „კივილი 8-ის“ დამუშავება მიმდინარეობდა, რომლის სცენარზეც დები, ლილა და ნორა ცუკერმანები მუშაობენ. ორიგინალური ფილმის სცენარისტმა და „კივილი 7-ის“ რეჟისორმა კევინ უილიამსონმა კი მარტში განაცხადა, რომ მერვე ფილმის დაწერას ან რეჟისორობას არ აპირებს.