
November 6, 2026
კიანუ რივზი „ჯონ უიკის“ ახალ ანიმაციურ პრიკველში დაბრუნდება
Lionsgate-მა ოფიციალურად დაადასტურა „ჯონ უიკის“ ანიმაციური პრიკველის შექმნა, რომელშიც კიანუ რივზი მთავარ პერსონაჟს გაახმოვანებს. მსახიობი ასევე პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. ანიმაცია ფოკუსირებული იქნება ეგრეთ წოდებულ „შეუძლებელ დავალებაზე“ (The Impossible Task) - იმ საბედისწერო ღამეზე, როდესაც ჯონ უიკმა ყველა თავისი კონკურენტი გაანადგურა, რათა მკვლელების სამყაროდან წამოსულიყო და მშვიდი ცხოვრება დაეწყო.
ჩად სტაჰელსკის განცხადებით, ფილმი ანიმეს სტილში იქნება გადაღებული, რაც „ჯონ უიკის“ სამყაროს, პერსონაჟებისა და მოქმედებების სრულიად ახალი, მანამდე წარმოუდგენელი მასშტაბებით გადმოცემის საშუალებას იძლევა.პროექტი ამჟამად პრე-პროდაქშენის ეტაპზეა და მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
პროექტის რეჟისორი იქნება შენონ ტინდლი, რომელიც ცნობილია ანიმაციური ფილმით „ულტრამენი: აღზევება“. სცენარზე მუშაობენ რაიან და კაზ ფირპოები, რომლებიც „მარადიულების“ სცენარის ავტორები არიან. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან კიანუ რივზი და ფრენჩაიზის რეჟისორი ჩად სტაჰელსკი, მათთან ერთად კი კომპანია Thunder Road-ის წარმომადგენლები ბასილ ივანიკი და ერიკა ლი იმუშავებენ.
ფრენჩაიზის ისტორია 2014 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ფილმი გამოვიდა. მას მოჰყვა სამი გაგრძელება, რომელთაგან ბოლო, „ჯონ უიკი: თავი 4“, 2023 წელს გამოვიდა. პარალელურად, სტუდია Lionsgate მუშაობს სხვა სპინ-ოფებზეც, მათ შორის ფილმზე „კეინი“, რომელშიც მთავარ როლს დონი იენი ასრულებს. დონი იენი ამავდროულად ფილმის რეჟისორია, რომელშიც ასევე მონაწილეობენ რინა სავაიამა, დაკრი მონტგომერი, მეისონ თემსი, ბილ ნაი და ჟუან დაფეი. კიანუ რივზმა ხელი მოაწერა კონტრაქტს „ჯონ უიკი 5“-ში მონაწილეობაზე, თუმცა დეტალები ამ ფილმის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.