
November 9, 2026
კანის ლაურეატი რეჟისორი აიმან ელ ამირი ახალ სატირულ ფილმზე მუშაობს
კანის კინოფესტივალის პრიზიორი, ეგვიპტელი რეჟისორი აიმან ელ ამირი თავისი ახალი მხატვრული ფილმის, „ფეხსაცმლის წყვილი მთვარის ბნელ კუთხეში“ დამუშავების პროცესშია. პროექტი, რომელიც სატირული კომედიის ჟანრშია გადაწყვეტილი, თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე, Crossroads Co-Production Forum-ზე არის წარდგენილი.
სიუჟეტი მოგვითხრობს ჯორჯზე, ეგვიპტელი სოფლის მკვიდრსა და კოპტ მეოცნებეზე, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს, თუმცა დაბალბიუჯეტიან ფილმებში ეპიზოდურ როლებს სჯერდება. მისი ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა სოფელში კანალიზაციის გრანდიოზული პროექტის დაპირების პარალელურად, ჯორჯი კოსმოსური თემატიკის რეალითი შოუში მოხვდება და მოულოდნელად ეროვნულ გმირად იქცევა. თუმცა, როდესაც შოუ თაღლითურად გამოცხადდება, გმირი სოციალური იზოლაციის პირისპირ აღმოჩნდება, ხოლო სოფლის პროექტიც ილუზია აღმოჩნდება. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი აიმან ელ ამირია, ხოლო პროდიუსერი ნადა რიადი. კინოსურათი, რომლის გადაღებებიც 2028 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, უკვე დაჯილდოვდა CineGouna Industry Platform-ის ფარგლებში, სადაც პროექტმა ჯამში 20 000 დოლარის გრანტი მიიღო.
რეჟისორის თქმით, ფილმი ეგვიპტური საზოგადოების დამოკიდებულებას იკვლევს წარმატებისკენ სწრაფვისა და დიდების მიმართ. ელ ამირი ხაზს უსვამს, რომ მისი ნამუშევარი ეხმიანება თანამედროვე ეგვიპტეში არსებულ სოციალურ უთანასწორობას, სადაც სახელმწიფო მასშტაბური პროექტები რიგითი მოქალაქეებისთვის მიუწვდომელი რჩება. ამირი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ეკრანზე სამხრეთ ეგვიპტის მცხოვრებთა რეალური ცხოვრების ჩვენება, რადგან ადგილობრივ კინემატოგრაფში ეს სეგმენტი ხშირად უგულებელყოფილია.
აიმან ელ ამირი და ნადა რიადი ფართო საზოგადოებამ გაიცნო 2024 წელს, მათი დოკუმენტური ფილმისთვის „ოცნებების ზღვარზე“ (The Brink of Dreams), რომელმაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის დაწესებული პრესტიჟული ჯილდო, Golden Eye, მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა ეგვიპტური კინოს ისტორიაში, როდესაც ფილმი ამ ჯილდოთი აღინიშნა. ახალი პროექტით რეჟისორები აგრძელებენ სოციალური საკითხების კვლევას და პარტნიორებს ეძებენ საერთაშორისო თანაწარმოებისთვის.