← ყველა სიახლე

November 4, 2026

ჯენიფერ ლოურენსმა ამომრჩევლებს „შიმშილის თამაშების“ ცნობილი ფრაზით მიმართა

ოსკაროსანმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა არჩევნების დღეს საკუთარ 8.7 მილიონ Instagram-გამომწერს ხმის მიცემისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც „შიმშილის თამაშების“ საკულტო ჟესტს, სამი თითით სალამს ასახავს და თავისი გმირის, კეტნის ევერდინის ცნობილ ფრაზას იყენებს: „არ დაგავიწყდეთ, ვინ იწვის ჩვენთან ერთად. წადით, მიეცით ხმა“.

ლოურენსს კონკრეტული კანდიდატისთვის პირდაპირი მხარდაჭერა არ გამოუცხადებია, თუმცა პოსტს თან დაურთო საიტის, Vote.org-ის ბმული, სადაც მოქალაქეებს უახლოესი საარჩევნო უბნის მოძიება შეუძლიათ. გამოყენებული ფრაზა 2014 წლის ფილმიდან „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა, ნაწილი 1“ არის აღებული, სადაც კეტნის ევერდინი კაპიტოლიუმის ტირანიისა და პრეზიდენტ სნოუს წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს: „თუ ჩვენ დავიწვებით, თქვენც ჩვენთან ერთად დაიწვებით!“

მსახიობის ეს ნაბიჯი საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ბოლო ხანებში ის ინტერვიუებში პოლიტიკურ განცხადებებს თავს არიდებდა. გასულ წელს, ფილმ „Die My Love“-ის სარეკლამო ტურნეს დროს The New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პოლარიზებულ საზოგადოებაში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა ხელოვნებას ხშირად აზიანებს, ამიტომ აღარ სურდა ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება.

ამავდროულად, კეტნის ევერდინის იმიჯის გახსენება ემთხვევა მსახიობის ეკრანზე დაბრუნებას: სტუდია Lionsgate-ის ახალი პრიკველი „შიმშილის თამაშები: აისი მოსავლის აღებისას“ (The Hunger Games: Sunrise on the Reaping) კინოთეატრებში 20 ნოემბერს გამოდის, სადაც ლოურენსი 11-წლიანი პაუზის შემდეგ თავის ძველ კოლეგებთან, ჯოშ ჰატჩერსონთან და ვუდი ჰარელსონთან ერთად საკულტო როლს უბრუნდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს ე.წ. შუალედური არჩევნები (Midterm Elections), რომელიც ტარდება საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში.არჩევნები მოიცავს:კონგრესს: განახლდება წარმომადგენელთა პალატის მთელი შემადგენლობა (435-ვე ადგილი) და სენატის სავარძლების ნაწილი (35 მანდატი). ადგილობრივ დონეზე: შტატების ნაწილში ირჩევენ გუბერნატორებს, შტატების კანონმდებლების სტრუქტურებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს.