← ყველა სიახლე

November 3, 2026

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერის ახალ ფილმს გააფორმებენ

ჯგუფი Nine Inch Nails-ის წევრები და ცნობილი კინოკომპოზიტორები, ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი, დევიდ ფინჩერის ახალი ფილმისთვის The Further Mis-Adventures of Cliff Booth მუსიკას დაწერენ. ეს პროექტი რეჟისორსა და მუსიკალურ დუეტს შორის უკვე რიგით მეექვსე კოლაბორაცია იქნება მის ფილმებზე.

კომპოზიტორების ჩართულობის შესახებ ინფორმაცია ფილმის პოსტერზე გახდა ცნობილი. ფილმი ექსკლუზიურად IMAX-ის ფორმატში 25 ნოემბერს გამოვა და ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც, 23 დეკემბრიდან, სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე გახდება ხელმისაწვდომი.

ახალი სურათი 2019 წლის ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ სპინ-ოფია და ყურადღებას ბრედ პიტის მიერ განსახიერებულ პერსონაჟზე ამახვილებს. ფილმის სცენარი კვენტინ ტარანტინომ დაწერა და სიუჟეტი ჰოლივუდის მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ ვითარდება. სამსახიობო ანსამბლში ასევე შედიან ელიზაბეთ დებიკი, სკოტ კაანი, კარლა გუჯინო, ტიმოთი ოლიფანტი და იაჰია აბდულ-მატინ II.

დუეტის შემოქმედებითი პარტნიორობა ფინჩერთან 2010 წლის ფილმით „სოციალური ქსელი“ დაიწყო, რისთვისაც მათ საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურეს. ამის შემდეგ მათ შექმნეს მუსიკა რეჟისორის ყველა შემდგომი ფილმისთვის: „გოგონა დრაკონის ტატუთი“ (2011), „გაუჩინარებული ქალი“ (2014), „მანკი“ (2020) და „მკვლელი“ (2023). 2013 წელს ფილმისთვის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ დუეტმა ვიზუალური მედიისთვის შექმნილი საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში „გრემის“ ჯილდო მოიპოვა.

ფინჩერის პროექტების გარდა, კომპოზიტორებს შექმნილი აქვთ მუსიკა ისეთი ფილმებისთვის, როგორიცაა „პატრიოტის დღე“, „სული“, „ჩელენჯერები“, „ფრინველის ყუთი“ და „ქვირი“. ატიკუს როსი ტრენტ რეზნორთან ჯერ კიდევ 2002 წლიდან თანამშრომლობს, როდესაც ისინი პროექტ Tapeworm-ზე მუშაობდნენ, და მას წვლილი აქვს შეტანილი Nine Inch Nails-ის უამრავ რელიზში.