
November 1, 2026
მაიკლ მანი სასროლეთზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს
რეჟისორი მაიკლ მანი შაბათს ლოს-ანჯელესის სასროლეთზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტი მიზანში სროლის დროს მოხდა, როდესაც რეჟისორს იარაღი შემთხვევით გაუვარდა.
შემთხვევა დაახლოებით 16:00 საათზე, სასროლეთ Range L.A.-ზე მოხდა. რეჟისორი ცეცხლსასროლი იარაღის ბუდეში ჩადებას ცდილობდა, რა დროსაც გასროლა მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, გამოძახების მომენტში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ხოლო მიღებული ჭრილობა: კანქვეშა და მსუბუქი. მაიკლ მანის წარმომადგენლებმა ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურეს, რომ რეჟისორს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ის კლინიკას ტოვებს.
რეჟისორს სახელი გაუთქვა ისეთმა ფილმებმა, როგორებიცაა „შერკინება“, „ქურდი“, „ადამიანებზე მონადირე“, „მაიამის პოლიცია“ და „ინსაიდერი“. მისი ბოლო სარეჟისორო ნამუშევარი 2023 წლის სპორტული ბიოგრაფიული დრამა „ფერარი“ იყო, სადაც ენცო ფერარის როლი ადამ დრაივერმა, ხოლო მისი მეუღლის, ლაურას როლი პენელოპე კრუზმა შეასრულა.
ამჟამად 83 წლის მაიკლ მანი თავისი 1995 წლის კრიმინალური დრამის გაგრძელებაზე, „შერკინება 2-ზე“ მუშაობს. ორიგინალ ფილმში მთავარ როლებს ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო ასრულებდნენ. ახალი პროექტი, რომლის სცენარიც მანმა მეგ გარდინერთან ერთად 2022 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების რომანზე დააფუძნა, ერთდროულად იქნება პირველი ნაწილის პრიქველიც და სიქველიც და პაჩინოსა და დე ნიროს პერსონაჟების ადრეულ ცხოვრებასაც ასახავს. ფილმის სამსახიობო გუნდში ლეონარდო დიკაპრიოს, კრისტიან ბეილისა და ადამ დრაივერის გამოჩენას ელიან.